top of page

prokrastinacia: awmyos gamtacebeli



ახლა, როცა ამ ბლოგს ვწერ, ე.წ. “დედლაინამდე” რამდენიმე საათია დარჩენილი. დიდი ხანია  ვიცი, რის შესახებ მინდა დავწერო, ვერც იმას ვიტყვი, რომ რომ უპასუხისმგებლო ან  ზარმაცი ვარ. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის განსაკუთრებით ვღელავ თუ  პირობას გავტეხ, ან მნიშვნელოვანი საქმეს გადავდებ. ასეთ დროს დანაშაულის განცდისა და შფოთვის ჩასახშობად ნაკლებად სასწრაფო და

პრიორიტეტული საქმიანობით ვკავდები ხოლმე, მაგალითად, ვალაგებ კარადას, მივდივარ საყიდლებზე ან ვკითხულობ კერძების რეცეპტებს, რომლებსაც არასოდეს მოვამზადებ. 

 

მახსოვს, გარდატეხის ასაკში მივხვდი, რომ  “რაღაც ისე ვერ იყო”, ხშირად მსაყვედურობდნენ და რამდენჯერმე ზარმაციც კი მიწოდეს, იმის გამო, რომ მეცადინეობის დაწყებას გვიან ღამემდე ვაჭიანურებდი. მაშინ ეს ბრალდება კატეგორიულად უარვყავი და ოჯახის წევრებს ჩემი შემორიგებაც მოუწიათ, მაგრამ საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: თუ სიზარმაცე არაფერ შუაშია, მაშინ რატომ ვიქცევი-მეთქი ასე. ცხადად მახსოვს უსამართლობის განცდა,  რადგან ზარმაცის იარლიყს ნამდვილად არ ვიმსახურებდი. დღეს, როგორც ფსიქოლოგმა, ვიცი, რომ საქმე პროკრასტინაციასთან მქონდა. 

 

მოკლედ, თუ ბმულზე იმიტომ გადმოხვედით, რომ ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელი გაქვთ, გადადოთ,  მესმის თქვენი და გთხოვთ, ამ ბლოგის წაკითხვას მაინც ნუ გადადებთ. თუმცა  ეს ბლოგი ყველასთვის არის: მათთვის, ვინც თავს დამნაშავედ გრძნობს გადავადებული საქმეების გამო, მათთვის ვისაც სურს, სხვებს დაეხმაროს ან უბრალოდ 

ცნობისმოყვარეა; განსაკუთრებით კი მოზარდებისა და  მათი  მშობლებისთვის, რადგან პროკრასტინაცია პასუხისმგებლობების მატებასთან ერთად იჩენს ხოლმე თავს და 

მოზარდების ცხოვრებას განსაკუთრებით ართულებს. 


მაინც რა არის პროკრასტინაცია? 


მნიშვნელოვანი საქმის  დაწყების ან/და დასრულების გადავადება უკიდურეს მომენტამდე, ხოლო  შფოთვისა და დანაშაულის განცდის შესამცირებლად  ნაკლებად მნიშვნელოვანი ან სასწრაფო საქმიანობით დაკავება, პროკრასტინაციაა. 

 

ქართულ ენაზე პროკრასტინაციის ზუსტი  შესატყვისი არ გაგვაჩნია, შეიძლება შეგვხვდეს, როგორც “მედღეხვალიობა”, თუმცა, ვინაიდან ამ სიტყვას უარყოფითი კონოტაცია აქვს და არც სალიტერატუროა, ახსნისთვის მაგალითებს მოვიშველიებ, ხოლო ტექსტში ლათინური წარმოშობის სიტყვას “ პროკრასტინაციას” გამოვიყენებ.

 

მაგალითად, პროკრასტინირებს მოსწავლე, რომელმაც იცის, რომ ერთ კვირაში მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს, იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი შედეგი მისთვის, მაღალი ქულის მიღებაც სურს, თუმცა მეცადინეობის დაწყებას გამოცდის წინა 

ღამემდე აჭიანურებს. პროკრასტინაციას მიმართავს თანამშრომელი, რომელმაც იცის, რომ მნიშვნელოვანი ანგარიში უნდა მოამზადოს, ხვდება, რომ ამაზე სასწრაფო საქმე არ აქვს, თუმცა მაინც სხვა ქმედებებით კავდება, ეხმარება კოლეგას, ურეკავს მეგობრებს, ალაგებს სამუშაო მაგიდას და უკიდურეს  მომენტამდე არ იწყებს ანგარიშის წერას. 



 

რა განსხვავებაა პროკრასტინაციასა და სიზარმაცეს შორის? 

 

პროკრასტინაციას ხშირად აიგივებენ სიზარმაცესთან, თუმცა თუ ამ ფენომენს კარგად გავიცნობთ, მათ შორის სხვაობას მარტივად დავინახავთ. 

 

ვპროკრასტინირებთ, როდესაც გვიჭირს ჩვენი მიზნის გათვალისწინებით ვმართოთ ჩვენი დრო და ქმედებები, ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობთ და ვცდილობთ, მეორეხარისხოვანი საქმიანობით მაინც დავკავდეთ, რათა უმოქმედოდ მაინც არ ვიყოთ და ცოტათი მაინც შევამციროთ შფოთვა. ხოლო სიზარმაცეს ძირითადად მაშინ მივმართავთ, როდესაც საქმეს  არც ისე აქტუალურად მივიჩნევთ, მისი შესრულების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, მოტივაცია არ გვაქვს და შესაძლოა, ამას არც განვიცდით. 

 

ჩვენ შეიძლება ვპროკრასტინირებდეთ, მაგრამ არ გვახასიათებდეს სიზარმაცე, ან ვზარმაცობდეთ, მაგრამ პროკრასტინაციას არასოდეს მივმართავდეთ. 


რატომ მივმართავთ პროკრასტანციას? 


პროკრასტინაცია  სულაც არ წარმოადგენს მხოლოდ თანამედროვე სამყაროს პრობლემას. ჯერ კიდევ პლატონთან და არისტოტელესთან ვხვდებით ტერმინს “akrasia”, როგორც თვითკონტროლის დეფიციტსა და სწორი გადაწყვეტილების მიღების სირთულეს ნიშნავსმიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რა არის უფრო მნიშვნელოვანი მოცემულ მომენტში.  

 

სტოიკოსი ფილოსოფოსი ლუციუს სენეკა  ამბობდა, რომ საქმის გადადება 

“ყოველ დღეს იტაცებს და მომავლის დაპირებით გვართმევს აწმყოს”.

 

აღმოჩნდა, რომ   მოსახლეობის დაახლოებით 20 % ქრონიკულად მიმართავს პროკრასტინაციას, ხოლო პროკრასტინაციის ნამდვილი “დიდოსტატები” უფროსკლასელები და სტუდენტები არიან. 



 

ზრდასრულობის მოახლოებასთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში პასუხისმგებლობები  იზრდება, “მინდას” და “უნდას” ჭიდილი კი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, იმატებს სტრესის დონე და ხშირად ძილის რეჟიმიც ირღვევა, რაც, ბუნებრივია, ართულებს მოზარდის ფუნქციონირებას.  ფსიქო-ემოციური გამოწვევები, მოლოდინებით სავსე ყოველდღიურობასთან გამკლავება და ცვლილებებთან 

დაკავშირებული კრიზისი ხშირად ხდება მოზარდებში პროკრასტინაციის წინაპირობა.

 კვლევები ადასტურებს, რომ პროკრასტინაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებთან აქვს კავშირი, თუმცა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა ტიპის ურთიერთმიმართებაა მათ შორის - იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები პროკრასტინაციას, თუ  - პირიქით. 

 

ხშირად პროკრასტინაციის უკან  მარცხის შიში, პერფექციონიზმი, თვითრწმენის ნაკლებობა და საქმის, როგორც საფრთხის აღქმა დგას. ამ ყველაფრის ფონზე, აბსტრაქტული ან ძალიან გრძელვადიანი მიზნებით მოტივაციის ოპტიმალური დონის 

შენარჩუნება საკმაოდ რთულია. სოციალური წნეხი და მაღალი მოლოდინები გარშემომყოფებისგან, საქმეს დაძაბულობასთან აკავშირებს (აწყვილებს), დოპამინის დონე ვარდება, რაც   თავის მხრივ, მოტივაციის, სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდის  დეფიციტს იწვევს.  საბოლოოდ კი, გადადებული საქმის გამო შფოთვა და დანაშაულის განცდა “მოჯადოებულ წრეში” გვაქცევს, რომლის გარღვევა საკმაოდ რთულია. 

 

მარტივია მოზარდს ზარმაცის იარლიყი მივაწებოთ, როდესაც ვხედავთ, რომ დავალების შესრულების ნაცვლად ტელეფონს „სქროლავს“ ან მეგობრების სანახავად მიდის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდის ქცევის მიზეზები ხშირად ზედაპირზე არ ჩანს. დატუქსვით   მოზარდს დანაშაულის განცდას ვუღვივებთ და კიდევ უფრო ვხლართავთ 

"მოჯადოებულ წრეში”, მაშინ, როდესაც ამ მომენტში მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. 

 

 როგორ დავეხმაროთ მოზარდებს ?



 

პროკრასტინაციასთან, როგორც მხოლოდ  შედეგთან,  ბრძოლა არაეფექტურია. 

 

თუ გვსურს, მოზარდი არ დავაზიანოთ,  პროკრასტინაციის მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთ და ერთობლივად  მოვიფიქროთ, რა იქნება მისთვის დამხმარე. აქ ყველა რეკომენდაციის ჩამოთვლა გამიჭირდება, თუმცა აუცილებლად უნდა  აღვნიშნო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი პროკრასტინაციის ფენომენის კარგად გაცნობა და სამოქმედო გეგმის მოზარდის ინდივიდუალური 

მახასიათებლების გათვალისწინებით შემუშავებაა.

 

ახლა კი გაგიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მოზარდის მხარდაჭერაში 

დაგეხმარებათ. 

 

  • გულწრფელად  დავინტერესდეთ - ვაგრძნობინოთ, რომ ნამდვილად გვაინტერესებს, რა ხდება მოზარდის თავს. დავუსვათ კითხვები, ნაადრევი დასკვნის გაკეთებისგან  თავი შევიკავოთ,  არ შევაწყვეტინოთ თუ გვიხსნის, ხოლო თუ საუბრის დასაწყებად დრო სჭირდება, დრო მივცეთ. 


  • დავეხმაროთ რუტინის შექმნაში - ცვლილებების კორიანტელში გახვეული მოზარდისთვის რუტინა ხშირად არა შეზღუდვის, არამედ შვებისა და სიმშვიდის არამედ შვებისა და სიმშვიდის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მშობელს შეუძლია  დაეხმაროს მოზარდს, რომ კვირის დღეები ისე დაგეგმოს, რომ დაიცვას ბალანსი სიამოვნებასა და პასუხისმგებლობებს შორის. 

 

  • დავეხმაროთ რეალისტური  და მოკლევადიანი მიზნების დასახვაში - დავეხმაროთ  დავალების პატარ-პატარა ამოცანებად დაყოფაში და წავახალისოთ თითოეული შესრულებული ნაწილი. ვკონცენტრირდეთ პროცესზე, რადგან მოზარდი შორეულ პერსპექტივაში არსებულ შედეგს ბუნდოვნად და ზოგჯერ საშიშადაც კი აღიქვამს და მასთან  მიახლოვება აშინებს. 

 

  • დავეხმაროთ დროის განაწილებაში - მოზარდს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ იცნობს საკუთარ შესაძლებლობებს,  შეიძლება უფრო გაუჭირდეს დროის მართვა. დავეხმაროთ მას სამოქმედო კალენდრის შექმნასა და დავალების შესასრულებლად  საჭირო სავარაუდო დროის განსაზღვრაში. დამხმარე შეიძლება აღმოჩნდეს ამოცანების  შედარებით მარტივ და რთულ კატეგორიებად დაყოფა, წარსული გამოცდილების გაანალიზება, მაგალითად, რა ტიპის დავალებებს ასრულებს უფრო მოკლე დროში და როდის სჭირდება უფრო დიდი ძალისხმევა.

 

  • შევუქმნათ მშვიდი და კომფორტული გარემო   - საპასუხისმგებლო დავალების შესრულებას განსაკუთრებული კონცენტრაცია სჭირდება, მნიშვნელოვანია მოზარდს შევუქმნათ კომფორტული  გარემო, რომელშიც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და ნაკლებად  გაეფანტება ყურადღება. შეიძლება შევუთანხმდეთ, რომ დროებით ტელეფონი სხვა ოთახში დატოვოს, ოჯახის წევრებს კი ვთხოვოთ, რომ ტელევიზორი ან სხვა ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები დროებით გამორთონ. მოზარდმა უნდა იგრძნოს, როომ მის საქმეს გარშემომყოფებიც მნიშვნელოვნად აღიქვამენ. 

 

  • შევუქმნათ ხელსაყრელი გარემო გაზიარებისთვის - როგორც ვთქვით,  პროკრასტინაცია კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. მოზარდი შეიძლება იმის გამოც ვერ ახერხებდეს დროულად დავალების შესრულებას, რომ თავს ცუდად გრძნობს ან/და იმის გამო გრძნობდეს თავს ცუდად, პასუხისმგებლობებს ვერ უმკლავდება და  გარშემომყოფებს იმედს უცრუებს.  გაზიარება ყოველთვის მარტივი არ არის, ზოგჯერ კი მოზარდი ჯერ თავადაც ვერ აცნობიერებს, რასთან აქვს საქმე, გაზიარებისთვის ხელსაყრელი გარემო მას თვითრეფლექსიის პროცესში დაეხმარება. 

 

  • მივიღოთ, ყველაფრის მიუხედავად - როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროკრასტინაციას ხშირად მარცხის შიში ან პერფექციონიზმი უძღვის წინ. მნიშვნელოვანია მოზარდი გრძნობდეს, რომ უპირობოდ იღებენ და უყვართ, როგორც წარმატების, ასევე მარცხის შემთხვევაში. სოციალური მოლოდინებით გამოწვეული სტრესის სოციალური მხარდაჭერით ჩანაცვლება შფოთვას შეამცირებს, მოზარდს კი საშუალებას მისცემს, საფრთხისგან თავდაცვის ნაცვლად თვითრეგულაციის უნარის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდეს. 

 

წერას ვასრულებ და მიხარია, რომ აწმყოს გამტაცებელთან მოლაპარაკება,  ბოლო მომენტში, თუმცა -  ამჯერადაც შევძელი. ახლა მაინც ვეტყვი მოზარდ საკუთარ თავს, რომ მესმის და მადლობას ვუხდი ძალისხმევისთვის, ახლა ხომ ყველაზე კარგად ვხედავ, რამდენად ცდილობს, რომ გამოუვიდეს.


თინა ქარელი


Letterato Logo
bottom of page