top of page

monacemTa mecniereba




ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მომავლის პროფესიებზე და იმაზე, თუ საით აქვს აღებული გეზი სამყაროს. სულ უფრო იკრებს ძალას „ნივთების ინტერნეტი“ (internet of things) და ხელოვნური ინტელექტი, ხოლო მონაცემები, რასაც big data ეწოდება, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუკი გავითვალისწინებთ დაგროვილი თუ ყოველწუთიერად შექმნილი ინფორმაციის მასშტაბსა და მათი გამოყენების ფართო შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რაც ამ მონაცემების დამუშავებას ახლავს თან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ ჭრილში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს მონაცემთა მეცნიერება: მულტიდისციპლინარული სფერო, რომელიც მოიცავს კომპიუტერული მეცნიერების, სტატისტიკის, პროგრამირების, ეკონომიკისა და ბიზნეს-მენეჯმენტის სინთეზს.


რა არის მონაცემთა მეცნიერება?


მონაცემთა მეცნიერება მონაცემების შეგროვებას, მომზადებას, ანალიზს, მართვას, ვიზუალიზაციასა და შენახვას მოიცავს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მეცნიერება, რომელიც დაკავშირებულია მონაცემთა ბაზებთან და კომპიუტერულ მეცნიერებასთან.

მონაცემთა მეცნიერება, მიუხედავად მისი მულტიდისციპლინურობისა, სპეციალიზაციის სფეროა, სადაც ხდება მონაცემთა არქიტექტურის შექმნა, მისი ანალიზი და დაარქივება. მულტიდისციპლინურობა კი იმაში გამოიხატება, რომ იგი მოითხოვს მათემატიკისა და სტატისტიკის ტექნიკების გამოყენებას, რათა შეიქმნას შესაბამისი მოდელი ღრმა ანალიზისთვის, პროგრამირებისა და ალგორითმის შექმნის უნარებს, ანალიტიკურ და კრიტიკული აზროვნების უნარებს, აგრეთვე კომუნიკაციისა და ბიზნესის უნარებს.


რისთვის არის საჭირო?


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველდღიურად იქმნება მონაცემების ზღვა რაოდენობა, რომლის დამუშავების შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიღება გაცილებით ადვილი და ეფექტურია. ხოლო ვისაც მართვის შესახებ ოდნავი ინფორმაცია ან გამოცდილება აქვს, იცის, რომ ეფექტიანი, დროული და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება წარმატებული მართვის გასაღებს წარმოადგენს.


მარტივ მაგალითზე რომ განვიხილოთ - ყოველდღიურად ინტერნეტის მომხმარებლები ჩვენი ინტერესების მიხედვით ათასგვარ ინფორმაციას მოვიძიებთ. რა არის ჩვენი საჭიროებები და მოთხოვნილებები? რა შინაარსის მასალა გვაინტერესებს და გვჭირდება? რაში ვხარჯავთ ჩვენს რესურსს? ეს ყველაფერი საჭირო ინფორმაციაა ვთქვათ კომერციული თვალსაზრისით, რომლის მოპოვების შემთხვევაში კორპორაციას საშუალება ეძლევა ინდივიდის დონეზე იცნობდეს მომხმარებლის ქცევას და მას ზედგამოჭრილად შესთავაზოს მოთხოვნილებების შესაბამისი პროდუქცია ან მომსახურება. სწორედ ამიტომ ხდება, რომ როდესაც ინტერნეტში რამდენიმე საათს საოცნებო ქალაქში მოგზაურობას დაუთმობთ, ყველა არხის საშუალებით გხვდებათ რეკლამა და ინფორმაცია სად შეიძლება გაჩერდეთ, რა შეიძლება მოინახულოთ და როგორ გაერთოთ სწორედ ამ ქალაქში. მეტიც, თუკი ინტერნეტში რაიმე ინფორმაციაზე ოდნავ უფრო მეტ ხანს შეყოვნდით, აუცილებლად შეგხვდებათ მსგავსი ტიპის მასალა, რადგანაც მანქანამ უკვე ამოიცნო, რომ ეს თქვენთვის საინტერესოა. თქვენს მიერ ელექტრონულ სივრცეში დატოვებული ნაკვალევი სწორედ მონაცემთა მეცნიერების შესწავლისა და დამუშავების საკითხია, რაც უკვე საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ეს მოხერხებულია როგორც ბიზნესისთვის, რომელიც ეფექტიანად წვდება საკუთარ მომხმარებელს, ისევე მომხმარებლისთვის, რომელიც დროს ზოგავს მისთვის საჭირო შეთავაზების მოპოვებისას.

თუმცა, რასაკვირველია, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, კერძოდ - პერსონალური მონაცემების დაცვის, ინდივიდის საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევისა და ეთიკის საკითხები, რაც არა ერთხელ გამხდარა მსოფლიო მსჯელობის და რეგულირების მცდელობის საგანი. სანამ მოწინავე მსოფლიო ამ საკითხის მოწესრიგებულ ჩარჩოებში მოქცევაზე ფიქრობს, ასეა თუ ისე, ცხადია, რომ მომავალი სწორედ მონაცემთა მეცნიერებისაა. არ არსებობს სფერო, სადაც უკვე დაგროვილი არ არის ზღვა მონაცემები, რომლის კარგი ანალიზის შემთხვევაში ქვეყნებს, ორგანიზაციებს თუ კერძო ბიზნესს შეუძლია გაცილებით ეფექტიანად და სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და ამოცანები, დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი აქტივობები. კონკურენციის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღ გარემოში ხომ ყოველთვის უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების უნარი იყო, რაც ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდებოდა. ახლა კი მარტივად ხელმისწავდომი ინფორმაციის ფონზე აქტუალური უკვე ეს არის - ვინ უკეთესად შეძლებს არსებული მასშტაბური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და გამოყენებას. სწორედ ამიტომაა ასე დიდი მოთხოვნა მონაცემთა ანალიტიკოსებზე, არქიტექტორებზე, ინჟინრებზე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ამ საქმის ტექნიკურ ცოდნას, არამედ ინტერესს ინტერდისციპლინარული უნარების მქონე პროფესიონალების მიმართ, რომლებიც განსხვავებით მანქანებისგან, გამოიყენებენ შემოქმედებითი, არასტანდარტული მიდგომის ხერხებს პრობლემის გადაჭრის პროცესში. თუმცა, ასეთი პროფესიონალების მოძებნა მარტივი არ არის. სწორედ იმიტომ, რომ ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ასეთი სინთეზური ცოდნა და გამოცდილება აქვს. როგორც ადრე გვითქვამს, საგანმანათლებლო სისტემა ამ მიმართულებით საკმაოდ ჩამორჩება ბაზრის მოთხოვნას. მაგრამ, თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მომავლის პროფესიები სწორედ მონაცემთა მეცნიერებას უკავშირდება და ისინი ყველაზე მოთხოვნადი თუ ჯერ არ არის, სულ მალე აუცილებლად იქნება.


რა ხდება ჩვენთან


ინგლისური ენისა და მათემატიკის ცოდნა ნამდვილად საბაზისო ცოდნაა, რომელიც მონაცემთა მეცნიერების საფუძველს წარმოადგენს. „ლეტერატოს“ ბიზნესისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ხოსე რომერო, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს და ასწავლის, აღნიშნავს, რომ ეს საბაზისო უნარები ჯერაც ახალგაზრდობის გამოწვევად რჩება. კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და არასტანდარტული მიდგომების უნარები შემდეგია, რომელიც მომავალ მონაცემთა მეცნიერებს აუცილებლად დასჭირდებათ. პროგრამირება კი ის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც მონაცემთა მეცნიერების დარგში მუშაობა პრაქტიკულად გამორიცხულია.



სწორედ ამიტომ „ლეტერატო“ იწყებს კურსს უფროსკლასელთათვის, რომელიც სწორედ მონაცემთა მეცნიერებას შეეხება. კურსი მოიცავს მონაცემთა შექმნას, არქიტექტურას, ანალიზს, სტატისტიკური კონცეფციების გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში, კოდირების სწავლებასა და მონაცემთა ვიზუალიზაციას. ამისათვის ინგლისური ენის ფლობა და კომპიუტერის საბაზისო ცოდნაა საჭირო. კურსის ხელმძღვანელი მაიკ მარტლი, MBA, ამბობს, რომ გარდა შრომით ბაზარზე აქტუალობისა, ეს ცოდნის დაგროვების ის საშუალებაა, რომლის შემდეგ ახალგაზრდები განათლებისა და დიპლომის მიუხედავად მას ძალიან ფართოდ გამოიყენებენ და ყველა სფეროში გამოადგებათ. ნამდვილად, დღევანდელი გადაწყვეტილების მიმღები პირები მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში უკვე სავალდებულოდ უნდა ფლობდნენ მონაცემების მეცნიერების საბაზისო უნარებს, რომ სწორად შეაფასონ მათთვის მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი. თავად მაიკ მარტლი მონაცემთა მეცნიერების სფეროში რამდენიმე წელია მუშაობს და ხარისხს აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში იცავს. კრიტიკული აზროვნების კლასებში ჩვენს მოზარდებთან მუშაობამ და დღევანდელ მსოფლიოში ამ მეცნიერების მნიშვნელობამ დაანახა, რომ ეს კურსი ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობისთვის ძალზე საჭიროა. სამომავლოდ მოსწავლეებს შეუძლიათ განათლება ამ მიმართულებით გააგრძელონ, ან მიღებული ცოდნა უკვე პრაქტიკაში გამოიყენონ. ერთი რამ კი ცხადია, ეს მოზარდები მოწინავე მსოფლიოს ნაწილი გახდებიან.

Letterato Logo
bottom of page